“ცეკვავენ ვარსკვლავები” – ფინალი
რაღა დასამალია და ამ “მეგა-შოუს” ყველა ეპიზოდს ვუყურე. ვუყურე ცნობისმოყვარეობის და უფრო მეტად იმ უამრავ ხარვეზზე დასაკვირვებლად, რომლითაც სავსეა პროექტი.
არ ვიცი რატომ გამოვიდა ასეთი დაბნეული, გაურკვეველი, არეულ-დარეული და დაბალი დონის შოუ, თუმცა იმედია უკვე დაგეგმილ მეორე სეზონს გააუმჯობესებენ, გუშინ კი პროექტის ფინალი შედგა.
პირველ ნაწილში იცეკვა თითქმის ყველა მონაწილემ თავისი საუკეთესო ცეკვა და ეს ძალიან დამღლელი იყო. ჯერ ერთი უკვე ნანახი გვქონდა და ეფექტი აღარ ჰქონდა, მეორეც ძალიან გაიწელა. საერთოდ ფინალში ორი ან სამი საუკეთესო ნომერი უნდა წარადგინონ და არა ყველა. კიდევ ერთი – უდამღლელესია ამხელა ბონუსების ყურება, ცეკვაზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი ქრონომეტრაჟის ვიდეო გადის ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარი და უინტერესო კადრებით. სანამ მონაწილეები გამოვლენ, უკვე დაიღლები.
წამყვანები როგორც წესი ყოველ ორ სიტყვაში შეცდომებს უშვებდნენ და იმის მაგივრად რომ არ შეემჩნიათ, რუსკამ “ღმერთო ჩემო, რა მჭირსო” გაიკვირვა გაწელილი ინტონაციით. კაბუ საშინლად ბლუყუნებს და ჩლიფინებს, გასაგებია პრობლემები აქვს, მაგრამ მაშინ დაჯექი სახლში და ნუ წაიყვან ამხელა “მეგა-შოუს”…
მეორე ნაწილში გვეღირსა და ვიხილეთ მონაწილეები ცეკვის ორი ჟანრით “ფოქსტროტი” და “პასო დობლე”. ფოქსტროტი მართლა ძალიან რთული საცეკვია, ტყუილად არ წუწუნებდნენ, მაგრამ იმდენად ნელი იყო ორივე ფოქსტროტი, რომ ის მთავარი სირთულე, რაც ჩქარ ნაბიჯებში და მოძრაობაში დევს, დაიკარგა. მე ისეთი ფოქსტროტები მაქვს ნანახი, ამათზე ნამდვილად ჩამომეძინა.
აი მაგალითად SYTYCD-ის მეხუთე სეზონი, სადაც ქეითი და თვიჩი ცეკვავენ ფოქსტროტს. განსხვავებით ამ პროექტისა, იქ არც ერთი არაა პროფესიონალი მოცეკვავე, თვიჩი ჰიპ ჰოპს ცეკვავს და არასდროს არ ჰქონია შეხება სამეჯლისო ცეკვებთან. მიუხედავად ამისა ცეკვა ძალიან ლამაზი გამოვიდა.
რაც შეეხება პასო დობლეს, ეს არის ჩემი უსაყვარლესი ცეკვა, რომელსაც ჩვენმა მონაწილეებმა ცოტა ხასიათი შეუცვალეს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცუდად იცეკვეს. მე უბრალოდ ისეთი შესრულებები მაქვს ნანახი, რომ ამათი ცეკვა აღარ მეჩვენება კარგად და საინტერესოდ. ხაზს გავუსმევ – ცუდი არ იყო, მაგრამ არც გადასარევი.
ჰეიდი და ტრევისი, მეორე სეზონის ფინალისტები, ცეცხლოვანი პასო დობლე.
კიდევ ერთი პასო დობლე, სეზონის გამარჯვებული საბრას და ნილის მონაწილეობით, რომელიც ყველაზე სექსუალური ბიჭია ყველა სეზონში და ძალიან, ძალიან ნიჭიერი მოცეკვავე.
მოძრაობას, რომელსაც ნილი აკეთებს ამ ცეკვაში, ძალიან იშვიათად ასრულებენ მოცეკვავეები.
კარგი, შევეშვათ იმათ, დავუბრუნდეთ ქართულ “მეგა-შოუს” (რამდენჯერმე ვიფიქრე ყური ხომ არ მატყუებს-თქო, მაგრამ მართლა ასე აცხადებენ იმედზე). მეორე ნაწილიც გაიწელა, ჟიურის კომენტარები, უჩანეიშვილის ახალი ჩვევა სათითაოდ ჩამოფურცლოს ქულები სანამ აჩვენებს და ა.შ.
რეკლამებზე აღარაფერს ვამბობ, რეკლამების დროს შეგიძლია წახვიდე პარიზში სამოგზაუროდ, გზად შეიარო ლუვრში, აცოცდე ეიფელის კოშკზე და ჩამოცოცდე და მერე მშვიდად უკან დაბრუნდე.
მესამე ნაწილმა ჩემდა გასაკვირად მალე გაიარა. გამოაცხადეს გამარჯვებული, რომელიც ისედაც ყველამ იცოდა ვინც იქნებოდა, დაარიგეს ვაუჩერები და სილამაზის სალონების აბონიმეტები და ანრის უკვდავი ვოკალის ფონზე ეს დიდებული პროექტიც დამთავრდა…
მეორე სეზონამდე შეგვიძლია ვუყუროთ იმედის სერიალებს, ქალურ ლოგიკას და სხვა მეგა-პროექტებს.
ორსულობის მეხუთე თვე
და აი მიიწურა ჩემი ორსულობის მეხუთე თვეც. შეიძლება ითქვას უსიმპტომო ორსულობა მაქვს, ხანდახან ეჭვიც მეპარება, მართლა ასეა? ვერაფერს ვერ ვგრძნობ. მუცელიც კი არ გამზრდია ჯერ
წონაში კი ზამთრის მერე 2 კილო მაქვს დაკლებული.
ექიმები მეუბნებიან ყველაფერი ძალიან კარგად მიდისო, გუშინ ექოსკოპიაზეც ვიყავით, მაგრამ ის რაც ყველაზე ძალიან გვაინტერესებდა – სქესი – ვერ გავიგეთ. სავარაუდოდ გოგოაო, მაგრამ მე ბიჭი მგონია და რატომღაც ძალიან მინდა. ბადრი ბედნიერი სახით ადევნებდა თვალს მონიტორს, მე ვერაფერი დავინახე, არადა მომეგრიხა კისერი გვერდზე ყურებით.
ცხოვრებას ძველებურად ვაგრძელებ, ჯერ-ჯერობით ორსულობის პრივილეგიებით ვერ ვსარგებლობ (ადგილის დათმობა, რიგში გატარება) მუცელი საერთოდ არ მეტყობა, ძველებურად ვიცმევ საყვარელ მაისურებს და მოკლე შორტებს.
რამდენიმე დღეა ბავშვის მოძრაობა ვიგრძენი. ძალიან უცნაური გრძნობაა, თითქოს რაღაც სკდება შიგნით. ექოზე ექიმმა ერთი წუთით არ ისვენებს, ყირაზე გადადისო
ჯერ-ჯერობით ყველაფერი ძველებურადაა. ესეც რამდენიმე ფოტო. მე – ხუთი თვის ორსული
ბოლო რამდენიმე კვირაა ალუჩა მინდოდა კატასტროფულად. ალუჩა კი ნახა ბადრიმ, მაგრამ ახლა ბროწეული მინდა სიგიჟემდე
ჩემი წითელი თმები კი წარსულს ჩაბარდა, ოდნავღა დარჩა ფერი.
როგორც იქნა გავხდი წითური <3
Posted by სოფო in Uncategorized on April 7, 2012
ამაზე უკვე ბოლო რამდენიმე თვე ვფიქრობდი, მაგრამ ყველაფერი ასე გადაწყდა – სიზმარი ვნახე, ვითომ თმა შევიჭერი და წითლად შევიღებე, თანაც ძალიან მიხდებოდა. რომ გავიღვიძე, გადავწყვიტე, შეჭრა არა რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლო ბოლო წითელი ფერი უნდა მეცადა. წითელი ზოლები ბევრჯერ მქონია, არა მარტო წითელი, სხვა ბევრიც, მაგრამ მთლიანი თმის ფერი არასდროს შემიცვლია.
ბვრი ფიქრის მერე ველატონის საღებავ-მუსი ავარჩიე, რომელსაც ბალზამივით იზელ თმაში, არც აფუჭებს თმას და არც საღებავის სტრუქტურა აქვს, რომ დაწვას ან ცოცხებივით ბოლოები გააკეთოს. თანაც არც სალონში მინდოდა წასვლა და მთლიანი თის გაუფერულება. ერთი სიტყვით სახლის პირობებისთვის საუკეთესო ვარიანტი ავარჩიე.
მკვეთრი წითელი ჯერ ვერ გავრისკე. ველური ალუბალი – ასე ჰქვია სერიას. გავაზავე ფლაკონები ერთმანეთში და მუსი საგულდაგულოდ წავისვი თმებზე, თან ისე საგულდაგულოდ, რომ გადავაჭარბე კიდეც, მერე კანზე დამრჩა საღებავის კვალი, ორი დღე ვიშორებდი
მოყვება თავისი ბალზამი, პატარა ფლაკონში, რომელიც ისე არბილებს და აფუმფულებს თმას, თან შოკოლადის სუნი ასდის.
40 წუთში ჩამოვიბანე და გავიშრე. მიღებული შედეგით კმაყოფილი დავრჩი, არც ძალიან ყვირის და არც იგივე ფერია, რაც მქონდა, მზეზე განსაკუთრებით წითური ჩანს. სახლში თითქმის არ მეტყობა, ბადრიმ ორი დღე ვერ შეამჩნია შეღებილი თუ მქონდა
აი სურათებიც:
ერთი სიტყვით მე მომწონს <3 <3 <3
“ქალური ლოგიკა” თუ “კაცური სიბრძნე”?
Posted by სოფო in აბსურდული კომედია on April 2, 2012
დარბაზი ნათდება, მაყურებელი ტაშს უკრავს, სცენაზე გრძელფეხება ბიჭი ამოდის და მორცხვად იღიმება, სანამ ქუდის მუსიკა დამთავრდება.
- მოგესალმებით, ეს გადაცემა “კაცური ლოგიკაა”, ყველაზე საინტერესო, ყველაზე ინტელექტუალური და ყვეელაზე დაძაბული თამაში. დღეს ჩვენს თამაშს ორი ფინალისტი ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან გამოიცნონ მამაკაცების ლოგიკა. მიესალმეთ, ანა და ნატა!
ანა და ნატა წელში ოდნავ მოხრილები დგანან, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებთ.
- უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მოდელი ბიჭები ძალიან ჭკვიანები არიან! მათი ინტელექტი ნამდვილად გაგაოცებთ! მაშ ასე, გავიცნოთ ბიჭები.
ფერადი ბუშტებით მორთულ სტუდიაში ორი მოდელი ბიჭი ზის, ხელში ღვინით სავსე ყანწები უჭირავთ და ღვინოს ელეგანტურად წრუპავენ.
- ჰაი, მე გიო ვარ, ძალიან მიყვარს ქსოვა და ვერ ვერკვევი წყალქვეშა გემების მართვაში – ამბობს გიო და უხერხული ღიმილით იყურება კამერისკენ, ხომ სწორად ვთქვიო.
- ჰელლო, მე აჩი ვარ, ვგიჟდები სიმღერაზე და ცეკვაზე და ვერ ვერკვევი ასტრონომიაში – ინაზება აჩი და გიოს უყურებს.
დარბაზი ტაშს უკრავს, ანა და ნატა წელში უფრო იხრებიან და თვითდაჯერებულად ქირქილებენ.
- ნუ ეხლა რახან ასტრონომიაში ვერ ერკვევა, ჰე ჰე…
- დავიწყოთ თამაში. პირველი რაუნდი და პირველი კითხვა. როგორ ფიქრობთ, ბიჭებმა იციან ამ ანდაზის დასასრული “თაგვმა თხარა თხარაო, კატა …?”
- ნუ მოდით აბა ვენდოთ ბიჭებს ამ შემთხვევაში და მივცეთ შანსი რა… იქნება და იციან…
- რაო? – კითხულობს გიო სტუდიაში – რა თაგვი რა კატაო?
- მოიცა, მე მგონი ვიცი ამაზე პასუხი – კისკისებს აჩი – რაღაც გამიგია… საიდან ოღონდ არ ვიცი, მაგრამ გამიგია… თაგვმა თხარა თხარაო, კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, ხო ეგაა? არააა?
- აუ ეგაა კი, თან კატაო, და მეც გამიგია ძეხვზე რაღაც…
ბიჭები საბოლოო პასუხს აფიქსირებენ და გოგოები 3 ლარს და 50 თეთრს ვერ იგებენ.
- მეორე რაუნდი. თუ სწორად მიხვდებით კაცურ ლოგიკას, მოიგებთ 8 ლარს – აცხადებს წამყვანი – ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხიდან, რომელი აირჩიეს ბიჭებმა? “ვინ დაწერა ცნობილი მეცხრე სიმფონია? ა) ბეთჰოვენმა ბ) გია სურამელაშვილმა გ) ჩაკ ნორისმა.”
- თქვენ იცით პასუხი? – ეკითხება გოგოებს.
- კი კაცო, ვიცით – ამბობს ანა და თვალებს ჭუტავს, რომ მონიტორზე სწორი პასუხი წაიკითხოს – ბე..ე ოთენმ.ა
- მაგრამ ჩვენი აზრით ბიჭები მაინც ქართველ ვარიანტზე წამოვლენ, მაინც მეცხეა და ცხრა ხომ ქართული ციფრია რაღაცნაირი, აი მეცხრე ბლოკი, მეცხრე… ნუ მეორე ვარიანტი რა.
- აუ, არადა მხატვრობაში საერთოდ ვერ ვერკვევი – დანანებით ამბობს გიო და შამფურზე წამოცმულ მწვადს ნაზად ღეჭავს – ვიმსჯელოთ და ისე მივხვდეთ.
- კარგი, ვიმსჯელოთ. სანამ ცხრას დაწერდა, იქამდე ხომ წინა რვა უნდა დაეწერა? მერე ადვილია ამდენი სიმფონიის დაწერა? მე მგონია, რომ ამას მარტო ჩაკ ნორისი მოახერხებდა, იმიტომ რომ ყველგან მესმის ჩაკ ნორისი მაგარიაო, ყველას მოერევაო, ჰოდა 9 სიმფონიას როგორ ვერ მოერეოდა?
- ფუ თქვენი – ყვირის ანა – ბეე..თ.ოვენი როგორ არ იცოდით, რა ჩაკ ნორისი, ჩაკ ნორისი ხომ მხატვარი იყო? კაცური ლოგიკა კი არა დებილების ლოგიკა უნდა ერქვას ამას, წავიდეთ ნატა.
მარტო დარჩენილი წამყვანი ისევ უხერხულად იღიმება და ჯიუტად იმეორებს, რომ ბიჭები მაინც ძალიან ჭკვიანები იყვნენ და უბრალოდ მათი ლოგიკაა მისახვედრი, სხვა კი არაფერი.
პ.ს. თუ ბიჭებს გულზე მოგხვდათ მოდელირებული გადაცემა, უნდა გითხრათ, რომ ზუსტად ასე ჩანს გოგოების თვალში “ქალური ლოგიკა”, როგორც თქვენთვის ეს “კაცური ლოგიკა”. ეს არის ამაზრზენი, ყოველგვარ აზრს მოკლებული და მხოლოდ გაუნათლებელი მოდელი გოგონების დაცინვის საშუალება, რითიც ზოგადად მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს გვაყენებენ შეურაცხყოფას.
ცეკვავენ ვარსკვლავები???
სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალი ქართული პოექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები”. ვინც არ იცის გეტყვით, რომ ეს არის ცნობილი საცეკვაო შოუს, ამერიკული “dancing witht he stars”-ის ქართული ანალოგი. ორიგინალი პროექტი ეკუთვნის ბიბისის, რომლის სახელწოდებაც იყო ”Strictly Come Dancing” და რომლის კოპირებაც 40-მდე ქვეყანამ მოახდინა, თანაც საკმაოდ წარმატებითაც.
სიმართლე ითქვას ცეკვის კონკურსებიდან ყველაზე ნაკლებად ამ პროექტის ვწყალობდი, არის კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი შოუ, მაგალითად “so you think you can dance” საიდანაც ხშირად ვდებ ხოლმე ბლოგზე ვიდეოებს და “step it up and dance”.
“ცეკვავენ ვარსკვლავები” ამ პროექტებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ მონაწილეობას უკვე ცნობილი ადამიანები იღებენ, წინა ორ შოუში კი უცნობი ადამიანები მიდიან, ზოგს საერთოდ გამოცდილებაც არ აქვს.
ახლა რაც შეეხება ქართულ პროექტს. პილოტს, ანუ პირველ გადაცემას არ შევეხები, გასაგებია, რომ პირველი იყო, ამიტომ განვიხილავ მეორე გადაცემას.
რითი დავიწყო არც ვიცი. მოდით დავიწყოთ ვარსკვლავებით. ამ 12 წყვილიდან რამდენია აქედან ვარსკვლავი, რა თქმა უნდა ესეც საკითხავია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სავარაუდოდ ბევრი არ დათანხმდა ამ პროექტში მონაწილეობაზე.
წამყვანები: კახა კინწურაშვილის მიმართ ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი და პრინციპში წამყვანის ამპლუაშიც არა უშავს. კაბუ საერთოდ ერთი დიდი გაუგებრობაა, ლაპარაკობს საშინელი დაყენებული ხმით, თითქოს რობოტი იყოს, ხშირად ეშლება ტექსტი და იბნევა, რამდენიმეჯერ იმეორებს ერთი და იგივე სიტყვას პაუზის დასაფარად. რუსკასგან უკეთესს მოველოდი რატომღაც, მაგრამ ძალიან თეატრალურია, ტუჩებს ზედმეტად მანჭავს და მასაც ხშირად ერევა ტექსტი.
ზოგადად ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხები ძალიან მოუმზადებელია, როცა უნდათ, რომ ეკრანზე გამოჩნდეს რეიტინგის ტაბლო, არაფერიც არ ჩანს, წამყვანები უხერხულად ახველებენ და უარესად იბნევიან. რეკლამაზე გასვლისას, როცა ჰგონიათ, რომ უკვე გასულები არიან, ისმის მათი რეპლიკები “ეს მომაშორე” ან მსგავსი.
გადავიდეთ ოპერატორის ნამუშევარზე. ეს არის სრული კატასტროფა. საშინელი მბრუნავი და აყირავებადი კადრები, კისერი მომეღრიცა, თვალები მეტკინა, ნერვები მომეშალა და ა.შ თუმცა რამდენიმე პატარა ვიზუალური ეფექტი მომეწონა, როგორიც იყო ზევიდან ფანტელების ჩამოცვენა, ე.წ ბრჭყვიალა ქაღალდების ჩამოყრა და ა.შ
ბენდზე და ცოცხალ მუსიკაზეც რომ არ ვთქვა ორიოდე სიტყვა უბრალოდ არ შემიძლია. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ 90% შესრულებების სასტიკად არ მომეწონა, ზოგი კი ისე, რომ ცეკვას ვეღარ ვაქცევდი უკვე ყურადღებას. მგონი ჯობდა ისევ ცოცხალი შესრულების გარეშე ეცეკვათ, ალბათ მათთვისაც ასე უფრო ადვილი იქნებოდა.
ერთი სიტყვით, თუ არ გაქვთ ნანახი, უყურეთ ჩანაწერს და თვითონ განსაჯეთ, შეიძლება ზედმეტად ბევრს ვითხოვ, მაგრამ მინდა ყველაფერი ძალიან კარგი იყოს.
ეს ჩემო ყველა დროის ფავორიტი შესრულებაა შოუდან ” “so you think you can dance”, რომელმაც ემის ჯილდო მოუტანა პროექტს.
აპოკალიფსი დღეს
ტეელვიზორთან ვზივარ, ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, მეც რაღაც გადაცემას ვუყურებ. ცოტა ხანში სპეციალური გამოშვება ერთვება და წამყვანი შოკისმომგვრელ ამბავს აცხადებს. მთვარე მოწყდა თავის ორტიბას და დედამიწისკენ მოემართება მთელი სიჩქარით, ნასამ უკვე გააკეთა განცხადება.
ხალხი პანიკაში ვარდება, მოვლენები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ცას ვუყურებ, მთვარე საგრძნობლად გაიზარდა. მთელს დედამიწაზე გლობალური კატასტოფები დაიწყო, მიწისძვრები, წყალდიდობა, ხანძარი.
ცოტა ხანში მიწისძვრა აქაც იწყება, სახლი საშინლად ირხევა, მაგრამ რატომღაც არ ინგრევა. ბადრის ვეხუტები და ვფიქრობ რომ ეს უკვე აღსასრულია. გარეთ ხალხია გამოფენილი, მე ირონიულად ვამბობ, ნუთუ ამ ხალხმა არ იცის, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს მიწა შეიძლება გაიხსნას.
ტელევიზორში აცხადებენ, რომ მთვარე აუცილებლად შეეჯახება დედამიწას, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ თვალს ვადევნებდით მარსზე მომხდარ შეჯახებას, ახლა კი დედამიწის ჯერია.
საშინელი შეგრძნებაა, უმწეობის, მთვარე ხომ პატარა კომეტა არაა ასტრონავტები გაუშვან და ნაწილებად დაშალონ, დედამიწის აღსასრული გარდაუვალია.
უშვებენ კაცობრიობის მიერ გადაღებულ უნიკალურ კადრებს, განვითარების ეტაპებს, ბოლოს კი მუსიკის ფონზე ეწერება: The End Of The World.
ამასობაში ღამდება, მთვარე იმდენად მოახლოვდა, რომ მთელი ცა დაფარა. სულ რამდენიმე საათში საშინელი შეჯახება მოხდება, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ ვიმჩნევ. იმედია ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება და ვერაფერს ვიგრძნობთ – ვამბობ ისევ. განუწყვეტელი გუგუნი ისმის და ნათება თვალებს გვჭრის.
აი ეს უკვე დასასრულია – ვამბობ მე, მაგრამ ჩემი ხმა აღარ ისმის.
თვალებს ვახელ და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვწევარ. საათს დავხედე – 6 საათია.
საშინელი სიზმარი ვნახე – ვაღვიძებ ბადრის. რა? – ქვეყნის აღსასრული. მერამდენედ? მეკითხება დაცინვით.
ეს ყველაზე რეალური და ცხადი სიზმარი იყო რაც ოდესმე მინახავს, ასეთი მკვეთრი გრძნობები არც ერთ სიზმარში არ განმიცდია, მიუხედავად იმისა, რომ ორ კვირაში ერთხელ მაინც ვხედავ აპოკალიფსს. ახლაც კი ისეთი ცუდი შეგრძნება მაქვს, ვერაფრით გამოვედი ამ გრძნობიდან.
არ ვიცი ასე რატომ ხდება, არც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ იმედია არასოდეს განვიცდი იმ შეგრძნებას, რაც წუხელ სიზმარში განვიცადე.
ნიჭიერი – პირველი გადაცემის მიმოხილვა
დავიწყოთ იმით, რაც ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან – ძალიან მიყვარს ყველანაირი ტალანტ და რეალითი შოუ. ბრიტანული და შემდეგ უკვე ამერიკული “got talent”-ის ყველა სეზონის ყველა ეპიზოდი მაქვს ნანახი, აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობ მის სპეციფიკას და ყველა დეტალს.
ქართულიო “ნიჭიერი” როგორც მოგეხსენებათ სწორედ ამ პროექტის ვერსიაა, რომლის ყველა სეზონი დიდი რეიტინგებით მიმდინარეობს და გამონაკლისი არც მესამე იქნება. აქტიურად ვუყურებდი წინა ორ სეზონს, თუმცა არ გამჩენია სურვილი პოსტი დამეწერა მათ შესახებ.
სანამ პირველი გადაცემის მიმოხილვაზე გადავალ, მინდა რამდენიმე საკითხზე ვისაუბრო, რამდენიმე პუნქტი, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი და ისიც, რაც ჩემი აზრით უკვე გამოსწორდა.
1. ჟიური.
ყველაზე კრიტიკული ჟიურის მიმართ ვარ ხოლმე, ვერ ავიტან სიყალბეს ჟიურის მიერ, ვერ ავიტან ხელოვნურ მოქცევას, ბევრ რამეს ვერ ავიტან, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბოლო ორი წელია ჟიურით კმაყოფილი ვარ, სოფო გაცილებით გახნილი მეჩვენება ამ წელს, რაც მთავარია ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეუძლია “არა”-ს თქმა, ვანოს კომენტარები ყოველთვის თავის ადგილზეა და არ არის ყალბი, რაც შეეხება გეგას, ის ამ სამი ადამიანიდან ყველაზე მკაცრი ჟიურის როლს ითავსებს, თუმცა სულაც არაა ძალიან მკაცრი, ეს უბრალოდ შოუს ნაწილია, ყველა პროექტში ასეა, ერთ-ერთმა ჟიურიმ თავის თავზე უნდა აიღოს სიმკაცრე, როგორც ეს იყო ბრიტანულ got talent-ში, სანამ საიმონი წავიდოდა, პირსი არ იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ საიმონის მერე დევიდ ჰესელჰოფი მოვიდა, რომელსაც ყველა და ყველაფერი მოსწონდა, ამიტომ პირსმა თავის თავზე აიღო მკაცრი ჟიურის როლი და ცოტა ზედმეტი მოუვიდა კიდეც
კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ვისურვებდი ნახევარ-ფინალებში და ფინალში ესაა ჟიურის გამოსვლა, რომელიც შოუს ნაწილია. ჩვენ მაყურებლებს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის, ყოველთვის გვაინტერესებს როგორ გამოიყურება ჟიური, რა აცვია, როგორი ვარცხნილობა აქვს. ამ შემთხვევაში ჟიურიში მხოლოდ ერთი ქალია, ამიტომ სოფომ თავის თავზე უნდა აიღოს ყველაფერი. ყოველდღიური ჩაცმულობა მისაღებია ქასთინგებისთვის, მაგრამ როცა დაიწყება ნახევარ-ფინალები და შოუს უფრო საზეიმო ელფერი მიეცემა, ჩაცმულობა და გამოსვლაც უნდა შეიცვალოს. Got Talent-ის ერთადერთ მდედრობითი სქესის ჟიურის,ამანდა ჰოლდემს ყოველი გადაცემისთვის ცნობილი დიზაინერები უკერავდენ კაბებს და მის გარეგნობაზე და ვარცხნილობაზე ქვეყნის საუკეთესო სტილისტები ზრუნავდნენ.
დარბაზში შემოსვლა კარგია ქასთინგებზე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ნახევარ-ფინალებზე ჟიური პირდაპირ სცენაზე გამოსულიყო, როგორც ეს ხდება ყველა Got Talent-ში. არ ვიცი სცენა რამდენად მისცემთ იმის საშუალებას, რომ გაიხსნას, ან აიხადოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ასეთი შემოსვლა უფრო ეფექტურია, შესაძლებლობა გაქვს კარგად შეათვალიერო ჟიურის წევრი, გასაგებია, რომ ეს არაა მთავარი, მაგრამ ესეც შოუს ნაწილია.
2. წამყვანები.
აი აქ ალბათ ძალიან ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემი მთავარი პრობლემა წამყვანებია. უფრო სწორად ის ქრონომეტრაჟი, რომელიც მათ ეთმობათ. ყველაფერი გასაგებია, აუცილებელია მათი ხშირი ჩვენება, მათი კომენტარები, მათი ცეკვა, მათი ტირილი, მაგრამ ამას გადაცემის ქრონომეტრაჟის იმხელა ნაწილი უკავია, რომ უკვე აღიზიანებს ადამიანს. მონაწილის გასვლის მომენტიდან ყოველ ათ წამში მათ გვიჩვენებენ, გულით რომ გინდოდეს თავიდან ბოლომდე უყურო გამოსვლას, ვერ მოახერხებ.
წამყვანებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ შოუში, მაგალითად ამერიკის got talent-ი ვერ წარმომიდგენია ნიკ ქენონის გარეშე, მაგრამ იქ არ აჭარბებენ, ყველაფერს თავისი დრო და ზომა აქვს.
სხვა მხრივ კი რამდენიმე ხუმრობაზე გულიანად გამეცინა, თიკა და ვანიკოს წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულები მეჩვენებიან.
ეს რაც შეეხებოდა ტექნიკურ დეტალებს და კრიტიკას, ახლა თვითონ ქასთინგები და მონაწილეები.
მეც ისე, როგორც მაყურებლების უმრავლესობა თითოეული სეზონის განმავლობაში ირჩევს თავის ფავორიტს და გულშემატკივრობს მას პროექტის განმავლობაში, მაგრამ პირველ გადაცემაში ფავორიტი არ მყოლია, დამამახსოვრდა რამდენიმე მონაწილე, მაგალითად ჰარი პოტერი, რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ჯადოქარი და ილოზიონისტი და ცეკვა შეგვისრულა, მეგობრების ტრიო, რომლებმაც პოპური შემოგვთავაზეს საკმაოდ ორიგინალურად გაკეთებული და ნიკ მალფოის თავიდან ჩავარდნილი, მაგრამ ბოლოს “ამოქაჩული” ნომერი.
ასეთი სტილის გადაცემების ქასტინგები როგორც ყოველთვის ერთი განსხვავებული მონაწილით მთავრდება ხოლმე, ხშირად ამ მონაწილეს საინტერესო ან სევდიანი ისტორია აქვს, ან ისეთი ნიჭის პატრონია, რომ მთელს დარბაზს აოცებს, ერთი სიტყვით უბრალო რიგითი მონაწილით არასდროს ამთავრებენ გადაცემას.
ანა ქაშიბაძე, ლექსის მხატრული წაკითხვის გარდა იმით გამოირჩეოდა, რომ ძალიან თბილად იყო განწყობილი თიკას და სოფოს მიმართ, ერთი სიტყვით იყო ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზი ბავშვი. მაყურებლების და ჟიურის რეაქცია იყო ასეთი:
ერთი სიტყვით ისევ დაველოდები შემდეგ ორშაბათს და გამოვხატავ ჩემს სიხარულს იმის მიმართ, რომ შევძელით გაგვეკეთებინა უცხოური პროექტის იდენტური გადაცემა, რომელიც ძალიან რეიტინგულია, საინტერესო და გემოვნებიანი.
სამკაულები იყიდე-დან
დღეს ჩამოვიტანე ამანათები, რომლებმაც ძალიან დააგვიანეს იქაური ახალი წლების გამო, გადამზიდი კომპანიები გადატვირთული იყო და ამანათების ნაწილი ჯერაც არ ჩამოსულა.
ამ ამანათებიდან ნაწილი ჩემია, ნაწილი სხვების. როგორც იქნა ვიხილე ბუს კოლექცია და ძალიან დამწყდა გული მეც რომ არ შევუკვეთე, ძალიან ლამაზი ყელსაბამებია, მაგრამ საყურეები მეპატარავა, მე დიდი და მასშტაბური საყურეების მოყვარული ვარ
ჩემი გუესს-ის ბეჭედი:
ჩემი სამაჯური ფარშევანგის ელემეტებით
და ერთი ყელსაბამი:
და ბუები:
სადაც მინდა იქ მძინავს
9გაგზე ვნახე პოსტი, სადაც კატებს უცნაურ ადგილებზე სძინავთ. უნდა გითხრათ, რომ არც ჩემი კატაა გამონაკლისი და იძინებს იქ, სადაც გაუხარდება.
ქართული ონლაინ პოკერ-საიტები – ვიჩეთაოთ ერთად
იმ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები, ყველაფერს ქართულს რომ აგინებს და უცხოურს აქებს, მაგრამ რეალისტი ვარ და ყველაფერს ისე აღვიქვამ როგორც არის, რაც არ მომწონს არ მომწონს და ეს უნდა ვთქვა.
დიდი ხანი არ არის რაც პოკერის თამაში დავიწყე. არ ვარ მაინცდამაინც აზარტული, საინტერესო თამაშია და დროის გასაყვანად ხშირად ვთამაშობ, ხან რეალურ ფულზე, ხან ვირტუალურზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
სულ სამ ონლაინ პოკერ რუმს ვიცნობ, აქედან ორი ქართულია. ევროპაბეთი, აჭარაბეთი და პოკერ სტარი. აქედან ყველაზე ხშირად პოკერ სტარზე ვთამაშობ, ყველაზე ხშირად ვუყურებ ევროპაბეთზე თამაშს და ყველაზე ნაკლებად ვიცნობ აჭარაბეთს.
დავიწყოთ ევროპაბეთით. აქ ყველა მოთამაშე ქართველია, ვერ შეხვდებით მოთამაშეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც ეს პოკერ სტარზეა. ინტერფეისი კარგია, სადა და მოსახერხებელი, ჩემი ერთადერთი პრობლემა რაც არის ჩეთია. ამ საიტზე პოკერს ჩათი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მისი გამოყენება ერთი მიზნით ხდება – აგინონ ყველას და რაც შეიძლება მეტი. მაქსმიმუმი ყველაზე ნორმალურ დიალოგს შეხვდეთ “სგ” (საღოლ) და პასუხად “სპ” (სპასიბა). ჩათი არასდროს არ ისვენებს, გამუდმებით გაისმის მოსაბეზრებელი წკიპინი და შენც ძალაუნებურად კითხულობ, კითხულობ ისეთი გინებების კომბინაციებს, შეიძლება რომ ცხოვრებაში არ გაგეგოს. მოგვიანებით ევროპაბეთმა ჩათს ცენზურა დაამატა და შაბლონურ გინებებს წერტილებით ცვლის, მაგრამ ჭკვიანმა და ეშმაკმა მოთამაშეებმა გინებების ტირეებით და წერტილებით გაყოფა ისწავლეს და ცოტა შეცვლილი სახით, მაგრამ მაინც აღწევს ჩვენამდე.
გინების და ბილწსიტყვაობის გარდა ჩათში გავრცელებულია ასეთ ფრაზები “რა გყავდა” “აუ მანახეე” “რა გადაყარე?” “რას ელოდებოდი” და ა.შ. რატომ უნდა გითხრათ რა მყავდა? ვთამაშობ ჩემთვის, ეს ჩემი თამაშის სტილია, თუ ყველა ხელზე გითხარით რითი ვითამაშე და რა გადავყარე, რაღა გამოვიდა?. კიდევ ერთი კლასიკად ქცეული სვლა – რივერის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ მოწინააღმდეგე არეიზებს ან ოლ ინზე მიდის. მეორე მოთამაშე ფიქრობს, ფიქრობს, მერე ჩატში წერს “ორი ტუზი” ან “ორი კაროლი” და ყრის კარტს, ვითომ მაგარი კარტი მყავდა, მაგრამ მაინც დავყარეო. ყველას ამ დროს ასეთი კარგი ხელი როგორ მოსდით არ მესმის.
კიდევ ხშირია მსგავსი ფრაზები “შენ თემქელი არ ხარ? არა ძმაო გლანდში ვცხოვრობ. გლდანში ამას იცნობ? იმას? არც იმას?” და ამას მთელი მაგიდა ძალაუნებურად ვკითხულობთ. ერთი სიტყვით ჩემი ნება რომ იყოს ევროპაბეთს ჩეტის ფუნქციას გავუთიშავდი და დარწმუნებული ვარ ბევრი დაისვენებდა.
აჭარაბეთს რაც შეეხება, სასტიკად არ მომწონს ინტერფეისი, ზედმეტად გადატვირთულია, სულაც არაა საჭირო სამგანზომილებიანი გრძელთმიანი მაფიოზების და მელოტი რეპერების დასმა მაგიდებთან, რაც უფრო სადად და მოხერხებულად იქნება, მით უკეთესი. თანაც ყველა ხელის ამოსვლაზე უზარმაზარი ასოებით გაირბენს რა ხელი მოგივიდა და ქალის ხმაც შემაწუხებლად იძახის “A PAIR OF….” თუ არ იცი რა ხელი მოგივიდა, რას თამაშობ მაშინ საერთოდ.
და ბოლოს, ჩემი ფავორიტი საიტი, პოკერ სტარი, სადაც ძირითადად ტურნირებს ვთამაშობ, ყველანაირად მაკმაყოფილებს. ჩათს რაც შეეხება, მაქსიმუმი მოისმინო “ნჰ” (ნაის ჰენდ). არასდროს მე იქ სხვა მიწერ-მოწერა არ მინახავს. ერთი ეგ არის, რომ ფულის შეტანა-გამოტანა ელექტრონული ბარათის საშუალებით ხორციელდება. თანაც არასდროს წავწყდომივარ იქ ქართველ მოთამაშეს.
![DSCN1155 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1155-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1156 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1156-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1148 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1148-1024x768.jpg?w=620&h=465)


![DSCN1065 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1065-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1066 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1066-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1068 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1068-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1059 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1059-1024x768.jpg?w=620)
![DSCN1072 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1072-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1079 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1079-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1093 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1093-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1094 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1094-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1095 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1095-1024x768.jpg?w=620&h=465)
![DSCN1100 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1100-1024x768.jpg?w=620)
![DSCN1101 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/04/dscn1101-1024x768.jpg?w=620&h=465)





![DSCN0990 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn0990-1024x768.jpg?w=620)
![DSCN0987 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn0987-1024x768.jpg?w=620)
![DSCN0988 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn0988-1024x768.jpg?w=620)
![DSCN0998 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn0998-1024x768.jpg?w=620)
![DSCN0994 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn0994-1024x768.jpg?w=620)
![DSCN0995 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn0995-1024x768.jpg?w=620)
![DSCN0996 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn0996-1024x768.jpg?w=620)
![DSCN1003 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn1003-1024x768.jpg?w=620)
![DSCN1005 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn1005-1024x768.jpg?w=620)
![DSCN1006 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn1006-1024x768.jpg?w=620)
![DSCN1015 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn1015-1024x768.jpg?w=620)
![DSCN1012 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn1012-1024x768.jpg?w=620)
![DSCN1011 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn1011-1024x768.jpg?w=620)
![DSCN1009 [1024x768]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/dscn1009-1024x768.jpg?w=620)

![2010_1229blogi0016 [Desktop Resolution]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/2010_1229blogi0016-desktop-resolution.jpg?w=620)
![2011_0212blogi0020 [Desktop Resolution]](http://qameleoni.files.wordpress.com/2012/03/2011_0212blogi0020-desktop-resolution.jpg?w=620)


















კომენტარები